გამოიწერე YouTube-ის არხიyoutube logoგამოწერა
რატომ არ არის პროგრამირება შენთვის?

რატომ არ არის პროგრამირება შენთვის?

პროგრამირება 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სფეროა. საქართველოში ბოლო წლებში პოპულარული გახდა სლოგანები, როგორიცაა: „ისწავლე პროგრამირება 3 თვეში და დასაქმდი“, თუმცა ასეთ დაპირებებში ხშირად სიმართლე არ არის.

ამ ბლოგში განვიხილავ, რატომ არ არის პროგრამირება ყველასთვის და რატომ არ შეუძლია ყველას გახდეს წარმატებული დეველოპერი. ასევე, გაგიზიარებთ 7 აუცილებელ უნარს, რომელთა გარეშე წარმატების მიღწევა ამ სფეროში რთული იქნება.

1. მოთმინება და ნებისყოფა.

მიუხედავად უამრავი რეკლამისა, რომელიც გვპირდება 3-4 თვეში სამსახურის დაწყებას, ეს სულაც არაა ასე.

პროგრამირების შესწავლის დაწყება მართლაც არაა რთული, მაგრამ ამ საქმის დაუფლებას სჭირდება არნახული მოთმინება და ნებისყოფა.

თავად შესწავლის პროცესში, ყოველთივსაა ისეთი თემები, რომლებსაც 1-2 გადაკითხვით ნამდვილად ვერ გაიაზრებთ და აუცილებელი იქნება კონკრეტული საკითხების სიღრმეებში ძიება, რასაც შესაძლოა დღეები და კვირებიც კი დასჭირდეს.

თუ არ გაქვთ ნებისყოფა, რომ რთული თემები ბოლომდე გაიგოთ და არ დანებდეთ, ეს სფერო თქვენთვის არ არის.

2. პრობლემების გადაჭრის უნარი.

პროგრამირება არაა მხოლოდ, რომელიმე პროგრამირების ენის ბრძანებების დაზეპირება, აქ მთავარი პრობლემების გადაჭრის უნარია.

ამ უნარის გამომუშავება შესაძლებელია, რომელიც მოითხოვს ლოგიკურ და ანალიტიკურ აზროვნებას, ასევე აუცილებელია იყოთ დეტალებზე ორიენტირებული.

ამ სფეროში ყოველთვისაა კომპლექსური დავალებები, რომლებიც მოითხოვენ პატარ-პატარა ნაწილებათ დაშლას და ნაბიჯ-ნაბიჯ გადაწყვეტას.

საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის, მსგავსი ჩაკირკიტება კონკრეტულ პრობლემებზე საკმაოდ უსიამოვნო საქმეს წარმოადგენს, ასე რომ, თუ არ გიყვართ ფაზლების გადაწყვეტა მაშინ ეს სფერო თქვენთვის არაა.

3. დაუსრულებელი სწავლა.

თუ ჩემს ბლოგებს თვალყურს ადევნებთ ეს პუნქტი ალბათ უკვე კარგად იცით, მაგრამ მაინც მომიწევს გავიმეორო.

ტექნოლოგიები ყოველდღიურად ვითარდება, გამოდის ახალი framework-ები, ბიბლიოთეკები, რომლებსაც აუცილებელია ფეხი ავუწყოთ, შესაბამისად რაც შეიძლება დღეს კარგად ვიცოდეთ ხვალისთვის შესაძლოა უკვე მოძველებული იყოს.

ზოგი ადამიანისთვის დაუსრულებელი სწავლა საკმაოდ რთულია და ურჩევნია სხვა რამეზე ფოკუსირდეს, ასე რომ, თუ თქვენ არ გიზიდავთ ყოვლდღიური სიახლეები და მათი შესწავლა მაშინ ეს სფერო თქვენი არ არის.

4. ფოკუსირება ერთ საკითხზე.

აქ ისევ ჰოლივუდის ფილმების მაგალითს და მცდარ შეხედულებებს მოვიყვან, დარწმუნებული ვარ გექნებათ ნანახი, როდესაც პროგრამისტი ზის ეკრანთან და ელვის სისწრაფით ტეხავს სხვადასხვა სისტემებს, დამიჯერეთ ამ ფილმებს რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ პროგრამისტს გუნდური მუშაობა მოეთხოვება, უშუალოდ კოდის წერის პროცესი მოითხოვს ფოკუსირებას და ხანდახან რამდენიმე დღიან ფიქრს თუ როგორ გადაჭრათ კონკრეტული პრობლემა.

შესაძლოა 2 ხაზის დაწერისთვის რამდენიმე დღეც კი დაგჭირდეთ, ასე რომ, თუ თქვენ მარტივად გეფანტებათ გონება და დიდი ხნით ვერ ახდენთ ფოკუსირებას, მაშინ ჯობს სხვა საქმეს დაუთმოთ დრო.

5. პირველი სამსახურის დაწყება.

მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში უამრავი რესურსია პროგრამირების შესწავლაზე, თქვენი პირველი სამსახური შესაძლოა საკმაოდ დიდ ხნიანი მოლოდინის შემდეგ დაიწყოთ.

ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, იმისთვის, რომ სამსახური დაიწყოთ საკმაოდ ბევრი რამის საფუძვლიანად ცოდნა მოგეთხოვებათ.

გარდა ამისა, ზემოთ ნახსენები ტრენდიდან გამომდინარე, საკმაოდ ბევრი ადამიანი ცდილობს ამ პროფესიაში ფეხის მოკიდებას, რაც თავისთავად კონკურენციას ზრდის.

იმის მოლოდინით რომ 3 თვეში სამსახურს დაიწყებთ, ჯობია საერთოდ არ დაიწყოთ ამ სფეროს შესწავლა, ვინაიდან, კონკურენტუნარიან პროგრამისტად ჩამოყალიბებას წლები სჭირდებას.

6. კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა.

პროგრამირების შესწავლა და ამ სფეროში მუშაობის დაწყება გულისხმობს კომპიუტერთან დიდი დროის გატარებას.

რაც არ უნდა ეცადოთ, ეკრანთან ნაკლები დრო გაატაროთ, ბალანსის დაცვა საკმაოდ რთულია. ზოგიერთი საკითხი მოითხოვს ღრმა კონცენტრაციას, რაც ხშირად გულისხმობს ხანგრძლივ მუშაობას ეკრანთან.

თუ თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი ადამიანებთან უშუალო ურთიერთობაა, ეს პროფესია შესაძლოა თქვენთვის შესაფერისი არ იყოს.

7. დეტალებზე ორიენტირებულობა.

ამ სფეროს სჭირდება უკიდურესი ყურადღება დეტალების მიმართ, თქვენ წარმოიდგინეთ ერთი გამოტოვებული წერტილი ან მძიმე, შეიძლება გახდეს ისეთი შეცდომის გამომწვევი, რომელმაც შესაძლოა მთელი დღეც კი დაგაკარგვინოთ.

ზოგიერთი ადამიანისთვის ყოველ სიმბოლოზე და ყოველ დეტალზე ყურადღების გამახვილება შესაძლოა სტრესთან იყოს დაკავშირებული.

ასე რომ, თუ ეს თქვენთვის სტრესის გამომწვევი იქნება ჯობია პროგრამირებას ახლოს არ გაეკაროთ.


დასკვნა.

ამ ბლოგით შევეცადე განმეხილა ჩემი აზრით ტოპ 7 უნარი, რომელიც პროგრამირების შესწავლისას გამოგადგებათ.

მოცემული უნარების გამომუშავება შესაძლებელია თქვენს თავზე მუშაობით, მაგრამ თუ მაინც ფიქრობთ, რომ ეს უნარები თქვენი ძლიერი მხარე არაა ჯობს დიდი ფინანსების ჩადების გარეშე უფასო რესურსებით სცადოთ პროგრამირების შესწავლა.

პროგრამირების შესწავლა არც ისე რთულია თუ თქვენ გიყვართ პრობლემების გადაწყვეტა, ყოველდღიური სწავლა და გაქვთ ძლიერი ნებისყოფა.

პროგრამირების კურსები

უახლესი ბლოგები პროგრამირებაზე

რატომ არ არის პ...

რატომ არ არის პროგრამირება შენთვის?

CSS-ის ერთეულებ...

CSS-ის ერთეულები rem და em

რა არის Fronten...

რა არის Frontend დეველოპმენტი?

VS Code-ის ტოპ ...

VS Code-ის ტოპ 8 ღილაკების კომბინაცია (shortcuts)